weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მელიას დაპატიმრება ოპოზიციის დაპატიმრების ტოლფასია – „ლელო“

23:30 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა, დაპირისპირების გაღრმავების გზა. ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის ტოლფასი ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია მელიასადმი სოლიდარობას და სიმშვიდეს დაუპირისპირებს.

„ჩვენ ვართ ერთიანი ამ პოზიციაში. სიმშვიდე, სრული სოლიდარობა და ზრუნვა იმაზე, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ასეთი ტიპის მმართველობა და დასრულდეს იმდაგვარად, რომ გაიხსნას ახალი პერსპექტივა ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ისტორიული დღეა. ჩვენ კვლავ დავინახეთ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. მას მიაჩნია, რომ ძალისმიერი მეთოდით შეუძლია დათრგუნოს თავისუფალი სული. ეს ასე არ არის და ისინი დაინახავენ საპასუხო რეაქციას, რომელიც იქნება მშვიდი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში ნიკა მელიასთან და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფება.

დღეს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. მოსამართლემ განჩინების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა.

ნიკა მელია არ აპირებს, პარტიის ოფისი დატოვოს და პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა.

გუშინ, 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]