მისი თქმით, თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის მოქალაქე და მცხოვრებია, შესაბამისად, მის მიმართ დაწყებული გამოძიება რესპუბლიკის შიდა საქმეა.
„ეს საქმე საერთაშორისო დონეზე არ უნდა იქნეს განხილული. გამონათქვამები, რის უფლებასაც საქართველოს ხელისუფლება თავის თავს აძლევს, მათ შორის ე.წ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი, არის უხეში ჩარევა სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში. სამართალდამცავი ორგანოები თავის საქმეს ასრულებენ და მათ საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმის პოლიტიკურ და საერთაშორისო სიბრტყეზე გადატანა, სწორი არ არის“, - აღნიშნა ჯიოევმა.
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი 16 აგვისტოს, ოკუპირებული ახალგორში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ დააკავა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურა მას მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილისწამებას ედავება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განცხადა, რომ თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს ასე უხეშად ამ ტერიტორიებზე და სწორედ ამიტომ, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს. თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.
თამარ მეარაყიშვილმა ბოლო პერიოდში უკვე რამდენჯერმე განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შესახებ, რაც მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირდება.