weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თავისი მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს, კომპრომისზე ყველა მხარე უნდა წავიდეს – დეგნანი

10:45 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ის, რისი ნაკლებობაც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოპალარაკებების დროს იგრძნობა, არის პოლიტიკური გამბედაობა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე.

პირველ არხთან ინტერვიუს დროს ელჩმა განაცხადა, პოლიტიკურ მხარეებთან უკვე ხუთი თვეა მიმდინარეობს მუშაობა და მასზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ მხარეებს აქვთ ერთმანეთის მოსმენის სურვილი და განიხილავენ შესაძლო კომპრომისების გზებს.

„არც შეთავაზებების ნაკლებობა შეინიშნება, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არ არის სურვილის ნაკლებობა, რომ ერთად ისხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისაუბრონ ამ განსხვავებულ პოზიციებზე.

ის, რისი ნაკლებობაც არის, ესაა პოლიტიკური გამბედაობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგან წინ და წავიდნენ კომპრომისებზე. კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე.

გასულ კვირაში, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია არ იყო მზად, მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. როგორ დასრულდება ეს პროცესი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ აქ მიღწეული შედეგი დააბრუნებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სწორ გზაზე.

როგორც ვთქვი, ნატო-ს, ევროკავშირის წევრობა მოითხოვს კომპრომისს, ეს არის ერთადერთი გზა, როგორც მოქმედებენ კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით „ქართულ ოცნებასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები 13-დან 18 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოლაპარაკებებში ჩართულნი იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებიც.

დანიელსონის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, რაც თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვასაც გულისხმობს. მათი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

22 მარტს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება და მედიაციას გააგრძელებს. მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]