„ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი. ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და მასკრადი, მათი აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები; მეორე – თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ ამ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია სრულ გაუგებრობასა და კატასტროფულ მდგომარეობაშია.
„დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ. ეს რაზე მიუთითებს? საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე.
ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად, მათ რადიკალურ ქმედებებს. სხვა კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მას შემდეგ, რაც 18 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მუშაობის საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, საგანგებო რეჟიმი თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვასაც გულისხმობს. მისი ინფორმაციით, დასკვნითი აქცია 15 მაისს, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი.