weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ახლა კომპრომისის დროა, ეს არის ევროპული გზა“ – დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა

08:21 კვირა, 28 მარტი 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა და ხვალიდან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

როგორც დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, ამჯერად საქართველოს სამი დღით ეწვია და მისიას სამშაბათს დაასრულებს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მოუთმენლად ველოდები, ჩავერთო პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პროცესში, ოპოზიციურ და სამთავრობო პარტიებთან, დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.

ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა.

ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიალოგი პირველ მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით განახლდა. მიშელმა მხარეებს მოლაპარაკებებისთვის საკითხების ექვსპუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 12 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. მისი მედიაციით მოლაპარაკებები 13 მარტს დაიწყო და 18 მარტს ისე დასრულდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ისინი მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი საკითხები პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმეების შეწყვეტა და ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. „ქართულ ოცნება“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს. სახელისუფლებო პარტია ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებენ, ევროპელი და ამერიკელი ლიდერები.

დანიელსონის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, 20 მარტს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, რაც თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვასაც გულისხმობს. მათი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. ოპოზიცია დასკვნითი აქციის გამართვას 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]