weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოზნერის მიმართ პროტესტით „ნაცმოძრაობამ“ ისარგებლა – ღარიბაშვილი

11:58 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქვეყანაში კანონის დაცვით შემოვიდნენ.

„ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით, ეს იყო მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთან, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს ქონდათ ე.წ. კოვიდპასპორტები და ასევე უარყოფითი პასუხი PCR ტესტეზე. შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შსაბამისობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება პოზნერისა და მისი სტუმრების რესტორანში შეკრებას ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს ყველასთვის მიუღებელია და დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე თითოეული პირი.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა პოზნერის ვიზიტის გამო გამართულ საპროტესტო აქციებს და „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა. ღარიბაშვილის თქმით ოპოზიციური პარტიის და მისი ლიდერების პროტესტის ფორმა გასცდა ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს.

„ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგელა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და როგორც სჩვევიათ მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს.

ამჯერადაც „ნაციონალური მოძრაობის“ და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია და საბოტაჟი ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც, გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტების შემოსვლა, მით უმეტეს, ამ ვითარებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ტურისტული სექტორისთვის და ზოგადად ეკონომიკის აღორძინებისთვის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხისთვის.

რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ლიდერების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავწრმუნდით, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადიულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძებელია. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ისინი მოქმედებნდნენ კანონის სრული დაცვით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა. 41 ადამიანი აეროპორტიდან ჯერ სასტუმრო „სტამბაში“ მივიდა, რის შემდეგაც, ე.წ. კომენდანტის საათის მიუხედავად, სასტუმრო „ვინოტელის“ რესტორანში გადაინაცვლა.

რესტორანთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლებას კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა. ისინი ითხოვდნენ, რომ პოზნერს ქვეყანა დაეტოვებინა. აქტივისტებმა რესტორანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. ამის შემდეგ შრომის ინსპექციამ ობიექტის მფლობელი 10 000 ლარით დააჯარიმა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა რესტორანი პოლიციის დახმარებით დატოვეს და ისევ სასტუმროში გადაინაცვლეს. აქცია იქაც გაგრძელდა.

შინაგამ საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პოზნერი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი და მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს. რაც შეეხება მასთან ერთად ჩამოსულ სხვა ადამიანებს, შსს-ს განცხადებით, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარტესტის ცნობა. შსს-ს ცნობით, რუსეთიდან ჩამოსული 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000 ლარით დაჯარიმდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კიდევ 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.

რუსი ჟურნალისტი და მისი მეგობრები თბილისიდან დილით, ჩარტერული რეისით გაფრინდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]