„უკვე 32 წელია ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს. გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა.
გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას.
დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა“, – აცხადებს გახარია.
დღეს 32 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი.