„ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც არსებობს გამოწვევები, რაზეც თვითონ ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის გათავისუფლება და ამის მცდელობა, ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი. ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი, უბრალოდ სირცხვილია, როდესაც შენს საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომლებზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში.
„მაშინ, როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, მან დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა პარტია დატოვეს. ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ერთად პარტიას ქმნიან, პარლამენტში მუშაობას კი დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრელებენ.