ქადაგიშვილის თქმით, წინა დოკუმენტის ხელმოწერასთან ერთად, მისმა პარტიამ საკუთარი ინიციატივით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენების თაობაზე და ახალ დოკუმენტში ამ რიცხვის 43%-მდე გაზრდაზე ვაჭრობა უხერხულია.
„ჩვენ, ალბათ, დავრჩებით იმ პოზიციაზე, რაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ და ჩვენთვის არავის უთხოვია არც 43% და არც 25%. ამიტომ, ჩვენ თვითონ ვთქვით ეს რიცხვიც, ეს დათქმაც და აქ 1%-2%-ზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად მეჩვენება. რაც შეეხება პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს, აქაც, იმ დოკუმენტიდან გამომდინარე, ნათლად ვთქვით, რომ თუ მელია გირაოს გადაიხდის, ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური ამნისტია შედგეს 20 ივნისის მოვლენების გარშემო.
ვფიქრობ, არაფერია საკონსულტაციო, რადგან ჩვენი მხრიდან ყველაფერი ცალსახად და მეტად იქნა შემოტანილი. 40% შემოვიტანეთ და სამ პროცენტზეა ვაჭრობა? ჩვენთვის არაა მისაღები, ჩვენთვის მისაღებია ის, რასაც მოვაწერეთ ხელი. უფრო კონკრეტულები ვიქნებით, როცა შეხვედრა გაიმართება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ამასთან „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საქართველოში არ იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხოლო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვითიზოლაციაშია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება.
შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.
გარდა ამისა, შეთანხმების ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.