მინაშვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზების განმარტებისას თქვა, რომ ახალ დოკუმენტში ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი.
„იმას, რაც არის წარმოდგენილი და ამ მდგომარეობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს შემდეგი მიზეზების გამო: პირველ რიგში, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ საუბარია გირაოზე და იცით ჩვენი პოზიცია გირაოს გადახდაზე ნიკა მელიას შემთხვევაში.
საუბარია ამნისტიაზე, რაც არის ძალიან ფართო ამნისტია და მოიცავს იმ ადამიანებსაც, საჯარო მოხელეებს, ვინც გადამეტებული ძალის გამოყენებით, ძალადობით ზიანი მიაყენეს იმ ადამიანებს, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს რუსული ოპკუპაციის წინააღმდეგ. ეს მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია და ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ.
ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვადამდელის მიბმას, არასწორი მიდგომაა. თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა კიდევ უფრო გაამძაფრებს, დაამძიმებს ვითარებას და კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას მოახდენს, ამიტომ ეს პრინციუპი ჩვენთვის მიუღებელია.
სუსტი წერტილებია თუნდაც ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კიდევ ორი წელი რჩება პოზიციაზე. გაურკვეველია როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს, საუბარი არაა ახალ მოსამართლეებზე, რაც ნიშნავს, რომ რეალური ცვლილებები ვერ განხორციელდება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ოპოზიციური ლიდერებიდან შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერას ემხრობა გიგი უგულავა იმ პირობით, რომ ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ციხიდან გამშვების შემდეგ შეწყვეტს.
გუშინ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ქართული ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა ახალი წინადადება. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, მიშელს ეს წინადადება დაბალანსებულად და რეალისტურად მიიჩნია.
წინა დოკუმენტს, რომელიც პარტიებს შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა შესთავაზა, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი, ხოლო ოპოზიცია უარს აცხადებდა ხელის მოწერაზე.