weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე წულუკიანს მიმართეს

13:29 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრები საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მიმართავენ. საქმე ეხება ბათუმის ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ 16-სართულიანი (+3 სართული მიწის ქვეშ) სასტუმროს მშენებლობას.

მიმართვის ავტორების თქმით, ბათუმელების პროტესტის მიუხედავად, ისტორიული პარკის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ხეივანში „ამბასადორი ბათუმი“ 19-სართულიან სასტუმროს აშენებს, მშენებლობაზე უკანონო ნებართვა კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

სამოქალაქო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ წულუკიანსა და რიჟვაძეს საკითხზე პოლიტიკური რეაგირების მიზნით მიმართავენ და მოითხოვენ, ბულვარში მშენებლობებზე გამოცხადებული მორატორიუმი გავრცელდეს „ამბასადორი ბათუმზეც“ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათილად ცნოს „ბათუმი ამბასადორის“ მშენებლობის ნებართვა.

„მორატორიუმის გამოცხადებით აჭარის მთავრობამ, ერთი მხრივ, აღიარა პრობლემის სიმწვავე და მასშტაბი, მეორე მხრივ, შეუძლებელი გახდა ამ მორატორიუმის გზით შეჩერდეს მიმდინარე მშენებლობა ძეგლის ტერიტორიაზე. ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ბატონი რიჟვაძის ეს გადაწყვეტილება გავრცელდეს მიმდინარე სადავო მშენებლობაზეც – „ბათუმი ამბასადორზე“. ვთხოვთ მთავრობის ხელმძღვანელს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, მიმართოს სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“, რომ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის კანონიერება ხელახლა, სრულყოფილად შეისწავლოს, რათა სათანადო, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება მიიღონ.

პოლიტიკური ნების საფუძველზე, „ამბასადორი ბათუმზე“ მორატორიუმის გავრცელებით, სააგენტოს კვლავაც შეუძლია ბათილად ცნოს მის მიერ ბულვარის ტერიტორიაზე გაცემული უკანონო ნებართვა, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა.

უკვე დასრულებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. თუმცა ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯს აზრს უკარგავს და განაშენიანების გეგმის არსს მნიშვნელოვნად ასუსტებს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც საბაღე-საპარკე დანიშნულების ძეგლზე 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემით მიიღო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ.

ბულვარის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა 28 აპრილს არის დანიშნული.

განაშენიანების გეგმის მიზნიდან გამომდინარე, ბათუმის ბულვარის დასაცავად, აუცილებელია დაუყოვნებლივ გაბათილდეს ბულვარისთვის, როგორც ძეგლისთვის სრულიად შეუსაბამო სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის ინსტრუმენტები და გამოიყენოს ადგილმონაცვლეობა, რომელიც ამბასადორის მიწის ნაკვეთს კვლავ დაუბრუნებს მის რეალურ საზოგადოებრივ დანიშნულებას“, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ამბასადორი ბათუმთან“ დაკავშირებით სასამართლოსაც მიმართეს და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს, თუმცა, 2 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 თვით გააგრძელა საქმის განხილვის ვადა, რაც „ამბასადორს“ აძლევს შესაძლებლობას, დაწყებული მშენებლობა სასამართლო განხილვამდე დაასრულოს და არსებული სარჩელი ამ საფუძვლით არ დაკმაყოფილდეს. სასტუმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეების განცხადებით, აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლო საქმის გაჭიანურებას ცდილობს.

„დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წარმომადგენლებმა თეა წულუკიანს შეხვედრა შესთავაზეს, რადგან „ბათუმის კულტურულ მემკვიდერეობას კიდევ უამრავი საფრთხე ემუქრება“.

თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა. რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტში გამოსვლისას წულუკიანმა განაცხადა, რომ ბულვარში მიმდინარე მშენებლობა მიუღებელია და მასაც არ მოსწონს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]