weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იმედგაცრუებული ვართ, კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღებით – აშშ-ის საელჩო

07:35 პარასკევი, 30 აპრილი 2021
ფოტოზე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ფოტოზე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოეხმაურა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. საუბარია კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციები გამკაცრდა.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, ხოლო ავტორი ანრი ოხანაშვილია. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება საჭირო არ იყო.

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. „ქართულ ოცნებას’, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად.

ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არ გამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა. 

საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით „ქართულმა ოცნებამ“, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს დაემატა მეორე ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. მეორე ნაწილი დაემატა 173-ე მუხლსაც, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

დემონსტრაციებისა და აქციების დროს სამართალდამცველები ძირითადად სწორედ ამ ორი მუხლის საფუძველზე აკავებენ მოქალაქეებს, რის გამოც ოპოზიცია, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორი, მიიჩნევს, რომ კანონის დაჩქარებულად მიღება პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად. „ქართული ოცნება“ კანონის გამკაცრების საჭიროებას იმით ასაბუთებდა, რომ ძველი სანქციები არაეფექტური იყო და სამართალდარღვევის პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]