weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტს მოუწოდებენ, სამართალდარღვევებზე გამკაცრებულ სანქციებს ვეტო დაადოს

16:02 პარასკევი, 30 აპრილი 2021

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლში გუშინ შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციები მკაცრდება.

„პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიღებულ ცვლილებებს საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, – წერს სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები ანტიდემოკრატიული.

„გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მზაკვრულად მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რომ გააპაროს ასეთი ცვლილებები, სანამ ჩვენ სრულფასოვნად დავიწყებთ პარლამენტში მუშაობას. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება ამ კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, რომ თუ პრეზიდენტი საკანონმდებლო ცვლილებას ვეტოს არ დაადებს, როგორც კი, ოპოზიცია სრულფასოვნად შევა პარლამენტში, მას გააუქმებს.

კოდექსში ცვლილებების დაჩქარებული წესით, დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების გარეშე მიღების გამო, „ქართული ოცნება“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც გააკრიტიკა.  

ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს დაემატა მეორე ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. მეორე ნაწილი დაემატა 173-ე მუხლსაც, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

დემონსტრაციებისა და აქციების დროს სამართალდამცველები ძირითადად სწორედ ამ ორი მუხლის საფუძველზე აკავებენ მოქალაქეებს, რის გამოც ოპოზიცია, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორი, მიიჩნევს, რომ კანონის დაჩქარებულად მიღება პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად. „ქართული ოცნება“ კანონის გამკაცრების საჭიროებას იმით ასაბუთებდა, რომ ძველი სანქციები არაეფექტური იყო და სამართალდარღვევის პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა.

კანონპროექტის ავტორი „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი იყო, რომელმაც მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]