weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

12 თვის განმავლობაში კაშხალი არ აშენდება, გაგრძელდება კვლევები – თურნავა ნამახვანჰესზე

14:45 ორშაბათი, 10 მაისი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით რიონის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მათი „კარი ყოველთვის ღიაა“.

თურნავას თქმით, მთავრობას თავისი გეგმა გაჟღერებული აქვს.

„ჩვენ, პირველ რიგში, მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ, პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. გაგრძელდება კვლევები.

უფრო მეტიც, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე პირადად ჩაერთო, სახელმწიფოს მოწვევით, მედიაციის პროცესში. ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის, კონკრეტულად რამდენად სწორად იყო პროცესი წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები. ეს გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში“, – აცხადებს თურნავა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები აცხადებენ, რომ მთავრობა კაშხლის მშენებლობზე მორატორიუმის გამოცხადების პირობას არღვევს, რადგან გვირაბი, რომელიც ახლა სოფელ ნამოხვანში გაჰყავთ სწორედ კაშხლისთვის არის. ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, როგორც ეს მთავრობის მიერ იყო გადაწყვეტილი.

„სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში“, – აცხადებს ლომინაძე.

24 აპრილს მთავრობამ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით შეჩერდება. სინამდვილეში, იმ დროისთვის კაშხლის მშენებლობა ჯერ დაწყებული არ იყო და ამისთვის არც შესაბამისი სავალდებულო ნებართვაა გაცემული.

ამასთან, მთავრობამ უარი თქვა ე.წ. ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე, რაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა იყო. სინამდვილეში, ეს ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები მნიშვნელოვნად აზიანებს რიონის ხეობაში ბუნებას, იჩეხება ათასობით ძირი ხე, გადათხრილია მთები. მთავრობა და კომპანია აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ახალი სამანქანო გზის მშენებლობა, რომელიც, რეალურად, მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ არსებული გზა ნამახვანჰესისთვის დაიტბორება.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები და მათი მხარდამჭერები 23 მაისს, თბილისში მასშტბური საპროტესტო აქციის გამართვისთვის ემზადებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]