weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორის მერის ყოფილი მოადგილეები გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ

16:09 სამშაბათი, 11 მაისი 2021
ფოტოზე - პაატა ივანიშვილი ფოტოზე - პაატა ივანიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ მათზე განხორციელებული ზეწოლის გამო თანამდებობა დატოვეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. გორის მერი კი აცხადებს, რომ მოადგილეები თავად გაათავისუფლა, რადგან ისინი გახარიას „რეკლამირებას“ ეწეოდნენ და „თავის საქმეს“ არ აკეთებდნენ.

ყოფილმა მოადგილეებმა დღეს თავი შეიკავეს იმ პირების დასახელებისგან, ვინც, მათივე თქმით, მათზე ზეწოლას ახორციელებდა.

„პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და არც გამოვეკიდებით. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას“, – განაცხადა ელიჯარაშვილმა, რომელიც მერის პირველ მოადგილედ 2019 წლის იანვარში დაინიშნა.

„ჩვენ ვუერთდებით ბატონი გიორგი გახარიას გუნდს, მივიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, სადაც ერთხმად გავიმარჯვებთ. ჩვენ არ მივდივართ, ჩვენ მოვდივართ“, – უთხრა ჟურნალისტებს პაატა ივანიშვილმა.

გორის მერი და „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კონსტანტინე თავზარაშვილი უარყოფს ყოფილი მოადგილის ბრალდებას, რომ არსებობს მერიიდან გასათავისუფლებელი თანამშრომლების სია. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ პარტიიდან წასვლას სხვებიც აპირებენ.

„დღეს გათავისუფლებული ადამიანები ბოლო პერიოდში ეწეოდნენ გარკვეული პიროვნების რეკლამირებას და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს, რომ გადასულიყვნენ მის მხარეზე. ამით იყვნენ დაკავებული იმის ნაცვლად, რომ ამდენი გამოწვევა გვაქვს ქვეყანაში და თავისი საქმე ეკეთებინათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ ასეთი ადამიანები ყოფილიყვნენ მაღალ თანამდებობეზე. ისინი ჩემი ბრძანებით გათავისუფლდნენ“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გიორგი გახარიამ, რომელიც თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა, მარტში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მის გუნდს შეუერთდა „ქართული ოცნების“ არაერთი წევრი, მათ შორის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კერესელიძე და გორისა და კასპის მაჟორიტარი გიორგი ხოჯევანიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]