weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ისინი უფრო მკაცრად დაისჯებიან, ვინც ცდილობენ ეს ეთნიკურ კონფლიქტად მონათლონ – სუს-ის უფროსი

15:24 ორშაბათი, 17 მაისი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ, სადაც მეორე დღეა, ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა.

ვახტანგ გომელაურმა მოქალაქეთა დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურდა. მისი თქმით, ჯერ გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს.

„ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები არიან, პირველ რიგში. მეორე, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ, ეს არის ქვეყნის მტრობა, პირდაპირ რომ ვთქვათ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ის ადამიანები უფრო მკაცრად დაისჯებიან, ვინც ცდილობენ, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებად წარმოაჩინონ.

„ეს არ უნდა მოინათლოს, როგორც ეთნიკურ ნიადგაგზე დაპირისპირება. ვინც ამას ცდილობს, ის არის ქვეყნის მტერი და ისინი უფრო მკაცრად იქნებიან დასჯილები, ვიდრე კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე ადამიანები.

კონფლიქტი დაიწყო აბსოლუტურად ყოფით ნიადაგზე და არ უნდა მოხდეს წაქეზება, რომ ეს კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზეა“, – განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან.

დმანისში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება გუშინ, მაღაზიაში დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ომერ მარკეტის“ გამყიდველმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს უარი უთხრა ლუდის ნისიად გატანებაზე. ინტერნეტგამოცემა Aktual.ge-სთან მაღაზიის გამყიდველმა, საიდა ისმაილოვამ განაცხადა, რომ უარის შემდეგ, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მითხრეს, რომ კალკულატორს თავში დამარტყამდნენ. მაშინ, ჩემი მამამთილი მოვიდა და ჰკითხა, რატომ მაყენებდნენ შეურაცხყოფას. მას სცემეს, რის გამოც პოლიცია გამოვიძახეთ. პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. ამ დროს მაღაზიასთან 60-მდე ადამიანი მოვიდა, ყველას სცემეს, დაამტვრიეს ჩვენი მანქანა“, – განაცხადა საიდა ისმაილოვამ.

სათვალთავალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მივიდა ოცამდე მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი მაღაზიასთან, სადაც რამდენიმე მამაკაცი იმყოფებოდა. ვიდეოკადრების მიხედვით, მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მისულმა მაღაზიასთან მყოფს დაარტყა. ამის შემდეგ ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. კადრების მიხედვით, მაღაზიასთან მყოფები მისულებს ჯოხებით დახვდნენ, ერთ-ერთს კი უროს მსგავსი ნივთიც ეჭირა. დაპირისპირების დროს სასტიკად გაუსწორდნენ შუახნის მამაკაცს. ვიდეოში ჩანს, რომ ის მიწაზე გაათრიეს და თავში ფეხები და ჯოხები ურტყეს. პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ჩხუბი დამთავრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა და გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]