weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურნენ

19:31 ორშაბათი, 24 მაისი 2021

ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩები, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი გამოეხმაურნენ. კელი დეგნანის თქმით, ენერგო პროექტების განვითარებაში საზოგადოების ჩართვა უმთავრესია.

როგორც ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას.

„გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს მის მოსაგვარებლად.

მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებაში, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბევრი გადასახადი ელექტროენერგიის გამო.

ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების შეშფოთების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგო პროექტების განვითარებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელი დიალოგისკენ მოწოდებით გამოვიდა.

„მხარეებს მე მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა მონაწილე იქნება ჩართული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა და სოლიდური შეფასება, თუ რა დევს სასწორზე.

ასევე, მივესალმები ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც ვფიქრობ, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა აღქმული. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი მიმართულებით წინ წაწევისკენ“, – განაცხადა ჰარცელმა.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქციამ გუშინ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დედაქალაქში აქცია გაიმართა იმის გამო, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობა აღარ არსებობს.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]