weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

აქციის დაფინანსებაზე თუ საზოგადოებას ინფორმაციას არ მიაწვდიან, ჩვენ მივაწოდებთ – კობახიძე

23:44 სამშაბათი, 25 მაისი 2021

„როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, არის ასეთი პროტესტი, ბუნებრივია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით. თუ საზოგადოებას ინფორმაციას ისინი არ მიაწვდიან, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესის აქციასთან დაკავშირებით.

კობახიძე ამბობს, რომ აქცია საკმაოდ დიდი ფულით არის დაფინანსებული.

„როდესაც დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ არის სერიოზული როგორც კომერციული, ისე პოლიტიკური ინტერესები ამ ყველაფრის უკან. თუმცა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს.

რა ინფორმაციაც გვაქვს, ეჭვების დონეზე შეიძლება ვისაუბროთ, მათ შორის ვის ინტერესებში შეიძლება არ შედიოდეს ის, რომ საქართველო არ იყოს სათანადოდ დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით.

შეიძლება ჩვენი ეჭვები გვქონდეს, თუმცა სჯობს, ეჭვებზე საუბარს საზოგადოებას მოგვიანებით დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ. აშკარად იკვეთება ფინანსური და პოლიტიკური ინტერესები, ამის გამო იდება საკმაოდ დიდი ფული აქციაში.

მინდა, დანანებით ვთქვა, რომ აქციის მთავარი ორგანიზატორის მხრიდან ორჯერ ითქვა ტყუილი. ითქვა, რომ თითქოს დღეში ათასობით ლარს აგროვებენ, რაც შეუძლებელია ასეთი რესურსი იყოს მობილიზებული წვრილმანი შემოწირულობით, ეს მესიჯი შემდეგ დაკორექტირდა. მეორე უხეში შეცდომა იყო 26 მაისზე განცხადება. ეს იყო ორი უხეში შეცდომა, რის გამოც მათ მოუწიათ უკან დახევა და ისინი აღარ გეგმავენ აღარც თბილისის პარალიზებას და 26 მაისს ალტერნატიული აქციის ჩატარებას. საბოლოო ჯამში უკან დაიხიეს, რაც სწორია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა ხალხის მიერ ფინანსდება.

„რადგან ფინანსებთან დაკავშირებით დაინტერესება გაჩნდა, ჩვენთვის პრობლემა არ არის და ბუნებრივია, ეს გასაჯაროვდება, ყველა ნახავს. კონკრეტული ადამიანების სახელებსა და გვარებს, იმ ემიგრანტებისა და ჩვენი მოქალაქეების კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ გავასაჯაროებთ, თუმცა, ყველასთვის გამჭვირვალე იქნება რა თანხების მობილიზება ხდებოდა ჩვენს ანგარიშებზე და რითი ხდება უზრუნველყოფა მთელი ამ პროცესის.

რა კითხვებიც ისმის, რომ თითქოს, მსხვილი ბიზნესი უდგას ამას უკან და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ და ცალსახად, რომ ლამის მთელი ემიგრაციაა ჩართული ამ პროცესში, აღარ დარჩა ქვეყანა და ქალაქი, სადაც ჩვენი სოლიდარობის აქცია არ გაიმართა. ეს ხალხი ფინანსურად უზრუნველყოფს ამ პროცესს, დიდწილად და ათასობით ადამიანი, ვინც ჩვენს აქციებზე მოდის, მათ შორის, ფინანსურ მონაწილეობას იღებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი და ყველას დიდი მადლობა ამ დიდი თვითორგანიზებისთვის, იმიტომ, რომ ამისი მაგალითი არ ყოფილა უახლეს ისტორიაში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის დაფინანსების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც შვიდთვიანმა უწყვეტმა, კარვებში პროტესტმა 23 მაისს, რიონის ხეობიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა. თბილისის აქციის პირველივე დღეს მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დაინტერესდა, რა ფულით იქირავეს აქციისთვის ავტობუსები, სცენა და გახმოვანების სერვისი. მან იქვე განაცხადა, რომ „ეს ფული არის შავი ფული, რომელიც იხარჯება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]