weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ამერიკელი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – ბაიდენი

10:59 ოთხშაბათი, 26 მაისი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ (ჯო) ბაიდენმა ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ მის წერილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

წერილში ნათქვამია, რომ ერთგული პარტნიორის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო.

ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას.

ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიისა და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც.

როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას.

შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში.

ასევე, ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველ ხალხს“, – ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]