„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად – პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა ნამახვანჰესის საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ნამახვანჰესის საკითხს პრეზიდენტი 9 აპრილს, პარლამენტში გამოსვლის დროსაც შეეხო. მაშინ მან თქვა, რომ თანაუგრძნობს და ძალიან კარგად ესმის იმ საზოგადოების წუხული, რომელიც ითხოვს ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და არა მხოლოდ ის, აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს. ამასთან სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არსებობს მეორე მხარეც, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას და სიდუხჭირიდან ადამიანის თავის დაღწევაზე აპელირებს. პრეზიდენტის თქმით, ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტები აქვს.
„უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისთვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა და თქვა, რომ სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნების დამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით.
შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს რიონის ხეობიდან თბილისში გადაინაცვლეს. მათ რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს და მსვლელობები მოაწყეს, ხოლო დღეს, 26 მაისს რიონის ხეობაში დაბრუნებას და ჰესის მშენებელი კომპანიისთვის - „ენკა რინიუებლზისთვის“ ხელის შეშლას აპირებენ. კომპანიას ხეობაში მასშტაბური მშენებლობა აქვს დაწყებული, რასაც ის და მთავრობა „მოსამზადებელ სამუშაოებს“ უწოდებენ.
საპროტესტო მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ითხოვენ, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამოხვანის ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.