weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მელიამ განმარტა, რატომ არ არის ნაციონალური მოძრაობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციებზე

09:51 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

„იმას, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იმ აქციებზე, რომელიც იმართება ნამახვანჰესის გარშემო, ამასაც აქვს თავისი ახსნა, იმიტომ, რომ მკაფიო გზავნილები უნდა იყოს წარმოდგენილი ორგანიზტორების მხრიდან. ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობა და სხვა ყველა პასუხისმგებლობის მქონე ძალა და ლიდერი ვერასოდეს ამ ქვეყანაში მხარს ვერ დაუჭერს, რომ სახელმწიფო ადრე თუ გვიან გახდეს ენერგეტიკაზე დამოკიდებული და ენერგოდამოკიდებულება ჰქონდეს რუსეთზე და არამხოლოდ რუსეთზე. აი, ეს იკვეთება ძალიან მკაფიოდ ბოლო პერიოდში“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვის დროს, მელიამ საპროტესტო აქციების მთავარ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს ურჩია, მეტი ახსნა-განმარტება მისცეს საზოგადოებას. პოლიტიკოსის თქმით, გოლეთიანის გარშემო ბევრი ისეთი ადამიანი შეიკრიბა, „რომლებიც სხვადასხვაგვარ დამაბნეველ გზავნილებს უგზავნიან ქვეყანას და საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი“.

„ის, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს საქართველოში ამას მემგონი საქართველოს არცერთი საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე არ უნდა ეთანხმებოდეს. მე მგონია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა არც ეთანხმება. მე ციხეში მქონდა შესაძლებლობა, რომ თვალ-ყური მედევნებინა სხვადასხვა გადაცემისთვის, სადაც საუბრობდნენ რიონის ხეობის დამცველები, რომ ისინი არ იყვნენ არსებითად წინააღმდეგი, რომ ჰესები აშენდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, დროდადრო მათი ეს გზავნილი გაიმრუდა, გაიბლარა და ისე დაილექა საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილში, რომ თითქოს ეს ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, წინააღმდეგნი არიან მშენებლობის.

ეს უფრო მეტად უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის, მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, საპროტესტო აქცია, რომელიც მიმდინარეობს ამა თუ იმ ქალაქში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ, არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი იმის ხარჯზე, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ხვალ და ზეგ და სამ და ოთხ წელიწადში ქვეყანა აღმოჩნდეს აბსოლუტურად განიარაღებული და ბოლომდე ენერგოდამოკიდებული განსაკუთრებით მტრულად განწყობილ სახელმწიფოზე. ამიტომ აქ ოქროს შუალებია დასაცავი“, – აცხადებს ნიკა მელია.

მისივე თქმით, ვარლამ გოლეთიანს სჭირდება მხარდაჭერა, რომ „ქვეყნის სასიკეთო საქმე გამოუვიდეს და არა საპირისპირო, ნებსით თუ უნებლიედ“.

„დარწმუნებული ვარ, ის გაართმევს თავს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები შვიდი თვეა, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. 23 მაისიდან ისინი თბილისში მართავდნენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს, 26 მაისის აქციის შემდეგ კი სოფელ გუმათში დაბრუნდნენ და რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლებმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]