weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფრაქცია „ლელო“ ნამახვანჰესის საკითხზე საკომიტეტო მოსმენის გამართვას ითხოვს

16:33 პარასკევი, 28 მაისი 2021

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო“ დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდებს, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, რომელსაც ეკონომიკის, იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე, პროექტის მოწინააღმდეგეები დაესწრებიან.

როგორც „ლელოში“ აცხადებენ, ნამახვანჰესის აშენება ქვეყნის ენრგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არა ბარიკადების და დაპირისპირების ფონზე, არამედ საერთაშორისო სტანდარტების დონის შეთანხმებით.

„როცა ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებობს ამდენი კითხვა და მეორე მხრივ, საქართველოში 80-ზე მეტი ენერგო, ჰიდრო თუ სხვა მსგავსი პროექტები არ განხორციელებულა, რომლის უკანაც დგას მილიარდობით საინვესტიციო თანხა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და განსაკუთრებით ჩვენს ენერგოპოლიტიკას. საუბარი იმაზე, რომ ნამახვანჰესი იქნება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელსაც ადგას, გაგრძელდება.

ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტის შენობაში. ჩვენი ფრაქცია გიწვევთ, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გავცეთ ყველა კითხვას პასუხი.

ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ სხვა პროექტებს მიეცეთ მწვანე შუქი. საქართველოში ბიზნესის კეთების ინდექსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უკვე ჩვენი ინვესტორების მხრიდან და ბოლო მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში არ შემოდის ინვესტიციები. ეს უნდა იყოს შემოტრიალების მაგალითი, სადაც ხალხი, რომელიც ამას აპროტესტებს, მთავრობა, ინვესტორი და ყველა ჩართული მხარე შეთანხმდება ოქროს ფორმულაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას ადგილობრივების ნაწილი და მათი მხარდამჭერები შვიდ თვეზე მეტია აპროტესტებენ. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი, თუმცა კითხვები აქვთ პროექტთან დაკავშირებით.

ამ თემაზე: ჩვენ არ ვართ „არა ჰესებს“ კამპანია – მარიტა მუსელიანი

ამ დროისთვის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი აქვთ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებისთვის. თავის მხრივ, საპროტესტო მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს ხეობაში შესვლას პოლიცია 3 აპრილიდან უკრძალავს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიას არ გაატარებენ მანამ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები: „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]