როგორც გიორგი გახარიამ დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანას სჭირდება ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლია, არსებული გამოწვევების შესახებ მოქალაქეებს სიმართლე უთხრას და შესთავაზოს სამართლიანი წესრიგი.
„დღეს ჩევნი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას საქართველოსთვის და ხაზგასმით აღვნიშნავ – არავის წინააღმდეგ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოწმეები ვართ იმის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ჩვენს მოქალაქეებს დაბეჯითებით მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლისა და ქუჩის საშუალებით ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლისკენ, მაშინ, როდესაც არავის არაფერი გამოსდის და პარალელურად, ყველას კარგად გვახსოვს, რომ პანდემიის პირობებში ორი მილიონი ჩვენი მოქალაქე მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს. ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეების პოლტიკური კულტურა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენს ბრძენ მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული აზრის ქონა დაასახელა. დღევანდელ კონფერენციაზე მან გადადგომის მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც გადავდგი“, – განაცხადა მან.
გიორგი გახარიას თქმით, გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ რალობაზე და „სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო“ შექმნა პარტია.
„რა თქმა უნდა, მე ვარ ნაწილი იმ წარმატების და რაც მთავარია, წარუმატებლობის, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ არ მომცა შესაძლებლობა, გავქცეულიყავი. სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის, რამაც მომცა ძალა, რომ თქვენთან ერთად ვმდგარიყავი და მეთქვა „გავერთიანდეთ საქართველოსთვის“.
მინდა დაგპირდეთ და დაგარწმუნით, რომ არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაში მონაწილეობაც მიმიღია. როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, ასე გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები, ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
როგორც მან თქვა, პარტიის პროგრამა შემუშავებულია და საზოგადოება მას უახლოეს დღეებში გაეცნობა.