weather cur horoscope tv
ოქტომბერი 12, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

10:41 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

„ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„მოგეხსენებათ გუშინ საქართველოს სასამართლომ ბატონ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა. 

დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია ქვეყნის განვითარების, უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის; მაშინ, როდესაც ვებრძვით პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და არ შექმნის ესკალაციის საბაბს.

 

რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი, ჩემი გადადგომა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის“, – აღნიშნა გახარიამ.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. მელიამ გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა.

16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაპატიმრების შესაძლებლობას არ მისცემენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]