weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნამახვანჰესის კონტრაქტი სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებზე უკეთესია – გახარია

20:06 ორშაბათი, 31 მაისი 2021

„ნამახვანის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. ეს უბრალოდ ფაქტია, მე ახალს კი არაფერს ვამბობ“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვას – კარგია თუ ცუდი, რომ ნამახვანჰესის ხელშეკრულება სხვებზე უკეთესია, გახარიამ უპასუხა:

„ეს კარგია თუ ცუდია მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის აპრილში და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ, მაშინ მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი და არც მახსოვს, ჩემი ბრალია და ჩემი პასუხისმგებლობაა, ეკონომიკურ ნაწილში როგორ გაიარა. ეს კონტრაქტი თქვენ რომ აიღოთ და შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტს... ეს არ არის გარანტია, რომ ეს კარგია ან ცუდია. აქ მთავარი პრობლემა არის შემდეგში: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის დამოკიდებული ჰიდრორესურსზე. მეორე მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება.

ამიტომ პრობლემა აქ არის კომუნიკაცია ამ ხეობის დამცველებთან. ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა და თუ არ დალაგდა, აი, ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელშეკრულება კაბალურ პირობებს შეიცავს, დადებულია სახელმწიფო ინტერესების დათმობით და ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე, 2019 წლის 30 მარტს იუსტიციის სამინისტრომ კონტრაქტის პროექტის შესახებ დასკვნა მოამზადა და გაუგზავნა ნათია თურნავას, რომელიც მაშინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. დასკვნა, რომელშიც 22 კრიტიკული შენიშვნაა, სახელმწიფო უწყებას ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს. ის გამოცემა „მთის ამბებმა“ მოიპოვა და 25 მაისს გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), რომელიც დასკვნის მოპოვებას უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს, „მთის ამბების“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დასკვნაში მოცემული კრიტიკული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიერ გათვალისწინებული არ არის.

ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კორუფციის ეჭვები აქვს პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელს, ანა დოლიძეს. მან პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება შეიტანა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვენ, რადგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მან მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც „ენკა რინიუებლზს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 121 ლარად საკუთრებაში, 99 წლის ვადით, გადაეცა რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი. კომპანიამ წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.

 

ამ თემაზე:

ნამახვანჰესის კონტრაქტის შესასწავლად იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო კომპანიას ეძებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]