weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰესზე საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულომ ხალხთან ერთად უნდა მიიღოს – ვაშაძე

13:45 ოთხშაბათი, 02 ივნისი 2021

„219-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში მიდის პროტესტი და არ შეიძლება ვინმე გულგრილი დატოვოს ამ პროტესტმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით, სრულ პატივისცემას, მხარდაჭერას ვუდასტურებ პირადად ვარლამ გოლეთიანს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს. მართლაც, ყოჩაღ თქვენს გამძლეობას ამ ურთულეს პერიოდში“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა, არა სპეცრაზმებით და პოლიციელებით ესაუბროს პროტესტის მონაწილეებს, არამედ დიალოგის ფორმა შეარჩიოს.

„უნდა ელაპარაკოთ ამ ადამიანებს, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ.

მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესია ენერგოდამოუკიდებლობა და უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როცა ვინმე აცხადებს, რომ თურმე ჰესები ამ ქვეყანაში არ გვჭირდება. ეს ესე არ შეიძლება ხდებოდეს ზოგადად პოლიტიკაშიც“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი აზრით, პრობლემის თავი და თავი არის ის, რომ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობა არ არსებობს და ხალხი არ არის ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„მივიჩნევთ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, საკრებულომ, რომელიც არის მოსახლეობის წარმომადგენელი, ხალხთან ერთად უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ჰესთან დაკავშირებით, ან შეიძლება ჩატარედეს ადგილზე პლებისციტი, მაგრამ მანამდე რიონის ხეობის ყველა მაცხოვრებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რა სარგებელი მოაქვს ამ ჰესს, რას მიიღებს კონკრეტული რაიონი ამ ჰესისგან ან რა საფრთხეებია. ეს უნდა ხდებოდეს პროფესიონალურად და არა ზედაპირულად“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვის გარეშე საქართველოში ვერასდროს ვერცერთი ჰესი ვერ აშენდება: „რასაც იტყვის ადგილზე უმრავლესობა, ის გადაწყვეტილება იქნება და ხალხს უნდა დავემორჩილოთ აბსოლუტურად ყველა“.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ორგანიზებით თბილისსი გადმოინაცვლა ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციებმა, გიორგი ვაშაძემ ეჭვები გამოთქვა მოძრაობის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით. როგორც მან 23 მაისს, სატელევიზიო ეთერში განაცხადა, ამ საკითხით საქართველოს პეცსამსახურებიც უნდა დაინტერესდნენ.

ნამახვანჰესის მშენებლობას 7 თვეა უწყვეტად აპროტესტებენ რიონის ხეობაში. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალა, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს.

თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

პროტესტის 209-ე დღეს, 23 მაისს, დემონსტრანტებმა თბილისში გადაინაცველს და 26 მაისამდე იქ მართავდნენ აქციებს. გუმათში დაბრუნების შემდეგ მათ ინვესტორი კომპანიის ავტომობილებისა და თანამშრომლებისთვის გზები გადაკეტეს და ასე ცდილობენ ნამოხვანში მიმდინარე მშენებლობას ხელი შეუშალონ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მთავარი მოთხოვნებია – უარი ითქვას „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და გამოძიება დაიწყოს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს აწერენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შესაძლო დანაშაულებრივ დოკუმენტებს.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]