weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი აღმოფხვრილია – სარჯველაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე

10:47 პარასკევი, 04 ივნისი 2021

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია.

სარჯველაძემ კომენტარი კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„ამჟამად უშუალოდ პანსიონში, ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ იმაზე, რომ არცერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. 

ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია, იქ ამჟამად ეს მდგომარეობა არის. ეს არის ამ დროისთვის მუშაობის შედეგი, რომელიც გვაქვს და ბუნებრივია, ეს არ იქნება მუშაობის საბოლოო წერტილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რათა სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის რეალური მექანიზმების მუშაობა განხორციელდეს.

„სახალხო დამცველს და მის აპარატს ხელი ეშლებოდა რეალურად საკუთარი მანდატის განხორციელებაში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა გადაწყდება. მათ შორის, სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს იქ სხლათელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონის კურთხევით არ უშვებენ. მეუფე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლების „შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას“.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონი ერთადერთი ასეთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც შესვლის და მონიტორინგის განხორციელების შესაძებლობა არ ეძლევათ. 2020 წლის ივნისიდან დაახლოებით ექვსი თვე პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებიც ვერ შედიოდნენ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ოფიციალური მონაცემებით, 53 აღსაზრდელია. უფლებადამცველები დღეს სასამართლოს მიმართავენ და პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანას მოითხოვენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მხოლოდ მონიტორინგტის განხორციელების მოთხოვნა აღარ არის საკმარისი.

 

ამ თემაზე:

ნემსი გამიკეთეს და 3 დღე მეძინა – რას ჰყვება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი

„კაცი ხარ თუ ქალი, ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო“ – მეუფის თავდასხმა სახალხო დამცველზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]