weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი საკმაოდ პრობლემატურია – თურნავა ნამახვანჰესზე

15:00 პარასკევი, 11 ივნისი 2021

აქამდე არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების გამოცდილება. რამდენი ათწლეულია ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვსწავლობთ გზადაგზა, თუ როგორ შეიძლება დაიხვეწოს აქ კანონმდებლობა, თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე საუბრისას.

ნათელა თურნავას განცხადებით, ინვესტორისთვის 99 წლის ვადით მიწის გადაცემა დაშვებულია, თუმცა ეს კითხვებს და პრობლემებს იწვევს.

„ჩვენ მართლაც ვნახეთ, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი არის საკმაოდ პრობლემატური და იწვევს სხვადასხვა კითხვებს მოსახლეობაში. პირველ რიგში, ეს ეხება კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადით იჯარაში გადაცემას. რა თქმა უნდა, ეს ვადა დაშვებულია, 99 წელი არის მაქსიმალური ვადა, მაგრამ რეალურად, ეს იწვევს კითხვებს, იწვევს პრობლემებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ვახორციელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორთან. ძალიან კარგია, რომ ინვესტორი ამას გაგებით ეკიდება. მათი ამოცანაც არის, რომ პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს ეს პროექტი, რომელიც სწორედ ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფირობთ, რომ მივაღწეთ შეთანხმებას ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა, თუმცა მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გასაჯაროვდა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კონტრაქტი კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები შვიდ თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში ეწინააღმდეგებიან პროექტის განხორციელებას. პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდა და გაფართოვდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ 2019 წლის 21 ნოემბერს ინვესტორ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 121 ლარად საკუთრებაში, 99 წლის ვადით, გადასცა რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი. კომპანიამ წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

მთავრობამ „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივა

იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი და გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]