weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქვემო ნამახვანის გზშ ჩატარებულია კანონის სრული დაცვით, არსებობს ყველა კვლევა – თანდილაშვილი

17:35 შაბათი, 12 ივნისი 2021

ქვემო ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჩატარებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა, რომელიც ამ პროექტის უსაფრთხოებას უსვამს ხაზს და ასევე, ყველა შესაბამისი კვლევა იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენილის მედიაციით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრამდე.

მინისტრის მოადგილის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს ევროპელი მედიატორისთვის ჯერ არ გადაუცია გზშ-სთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც ჩაერთო მედიაციის პროცესში.

ამ ეტაპზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გაერთიანებისთვის არ მიგვიწოდებია, ჯერჯერობით არ მოუთხოვიათ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან იქნება სრული მზაობა, რომ ეს დოკუმენტაცია გავაზიართ და მათი მხრიდანაც არის მზაობა, რომ მოხდეს ამ საკითხების დეტალური შესწავლა, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომლის ასაშენებლად მთავრობამ ხელშეკრულება შპს „ენკა რინიუებლზ“-თან 2019 წლის 25 აპრილს გააფორმა, ორ ჰესს მოიცავს: ზემო ნამახვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამახვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამახვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამახვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამახვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

2019 წლის 21 ნოემბერს მთავრობამ ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, „ენკა რინიუებლზს“ 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე.

მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულება მანამდე დადო და ჰესების მშენებლობისთვის მიწებიც მანამდე გადასცა, ვიდრე შესაბამისი ნებართვები გაიცემოდა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვემო ნამახვანი ჰესის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 აპრილს დაამტკიცა.

ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გარკვეული პირობებით გაიცა. მათ შორის, „ენკა რინიუებლზს“ სრული საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო დასკვნები მიმდინარე წლის 13 აპრილამდე უნდა წარედგინა. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიამ თითქმის ერთი წლით ითხოვა ვადის გაგრძელება, რაც „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ დააკმაყოფილა. კომპანიამ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად „პროექტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა“ დაასახელა.

სახელმწიფოს როგორც ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, ისე მიწების გადაცემის შესახებ განკარულება 2021 წლის თებერვლამდე გასაიდუმლოებული ჰქონდა.

ნამახვანჰესის პროექტს რიონის ხეობის მცხოვრებლები შვიდ თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. ვიდრე მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლები ქუჩაში გამოვიდოდნენ, ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები სასამართლოში გაასაჩივრეს. ერთ წელზე მეტი გავიდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მათი სარჩელის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია.

 

ამ თემაზე:

„ნამახვანი ჰესის“ ისტორია - რა არის მთავარი პრობლემა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]