weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხვალ მწვავედ დადგება ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი – სახელმწიფო მინისტრი

16:23 ორშაბათი, 14 ივნისი 2021

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დგენანი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი და შერიგებისა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი შეხვდნენ. შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში შედგა.

„ერთადერთი ის გვითხრეს, რომ იქამდე იმუშავებენ, ვიდრე არ დადგება ზაზას გათავისუფლება. ჩვენთვის საიმედოა, როდესაც უცხოელი პარტნიორები ერთვებიან ჩვენს საკითხებში და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება მორიგი იმედგაცრუება. ვაპირებთ ხვალ ჩავიდეთ ერგნეთში და შორიდან ვადევნოთ თვალი ამ ყველაფერს. დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სასწაული მოხდება და ზაზას ხვალ ვიხილავთ“ – თქვა ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ხვალ, ერგნეთის შეხვედრაზე ზაზა გახელაძის საკითხი კიდევ ერთხელ დადგება.

„გავესაუბრეთ ოჯახს, მივაწოდეთ მათ დეტალური ინფორმაცია თითოეული ჩვენგანის მხრიდან, განსაკუთრებით სასელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო პარტიორების მხარდააჭერით, თუ რა ღონისძიებები ტარდება, რა პროცესი მიმდინარეობს.

ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აუცილებლად მწვავედ დადგება ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური, კონსოლიდირებული ძალიხმევით იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი.

ამ პროცესის განმავლობაში არის კონკრეტული ეტაპები, რომელთა დროს ჩვენ ვიყენებთ ადეკვატურ, იმ ეტაპისთვის არსებულ შესაძლებლობებს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ზაზა გახელაძის საქმესთან დაკაშირებით საუბრისას, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ გულისმომკვლელია, თუ როგორ იყენებს რუსეთი ადამიანების სიცოცხლეს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მესაუბრა ზაზას ოჯახთან. ვფიქრობ ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა თამაშს თამაშობს საქართველოში რუსეთი. ამას რეალური შედეგები აქვს ადამიანებზე. ვადასტურებ ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება, უკან გაიწვიოს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობილია, რომ ხვალ, 15 ივნისს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდიც მიიღებს მონაწილეობას.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო, რიგით 99-ე შეხვედრა 27 აპრილს იყო, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ეგორ კოჩიევი ესწრებოდა. შეხვედრა ზაზა გახელაძის გათავისუფლების გარეშე დასრულდა, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ „დიალოგი შედგა, და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება“.

27 აპრილის შეხვედრის შემდეგ, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს და საპროტესტო აქციების გამართვა არ გამორიცხეს. ისინი ირაკლი ღარიბაშვილს 8 მაისს შეხვდნენ. ღარიბაშვილმა უკანონო პატიმრის ოჯახს უთხრა, რომ გახელაძის დაუყონებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭერეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ, მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]