weather cur horoscope tv
ივლისი 26, 2021

შესაბამისი ზომების მიღება უპირველეს ყოვლისა მთავრობის ვალდებულებაა – ბუშლე

23:02 სამშაბათი, 15 ივნისი 2021 hits 1253

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლემ ნამახვანჰესის საკითხზე მისი მედიატორობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც ის ამბობს, უპირველეს ყოვლისა მთავრობაა ვალდებული, რომ აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

ენერგეტიკული გაერთიანების ინფორმაციით, შაბათს გამართულ შეხვედრაზე მხარეები სამ მთავარ საკითხზე რიგ ზომებსა და ქმედებებზე შეთანხმდნენ, ესენია: გაცემული სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების ეფექტური და გამჭვირველე კონტროლი და მათი გადახედვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია და საქართველოს სამომავლო ენერგოუსაფრთხოების საკითხის საჯარო განხილვა ეროვნული ენერგეტიკული და კლიმატის გეგმის პროექტის საფუძველზე.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო ამ მოქმედებებიდან არის რიონის ხეობაში დეესკალაცია. მშვიდობიანი პროტესტები და ხეობაში შესვლა ისევ შესაძლებელი უნდა იყოს, ამავე დროს, ბარიკადის ორივე მხარეს დაცული უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოება და საკუთრება.

შესაბამისი ზომების მიღება უპირველეს ყოვლისა მთავრობის ვალდებულებაა. მან პირობა დადო, აიღოს არსებული ბარიერები და მთავარ გზაზე წვდომა დაუშვას.

ის ასევე გაავრცელებს ანგარიშს დაკავებულების შესახებ. პროტესტის მონაწილეებმა, თავის მხრივ, დადეს პირობა, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო ადგილთან მისასვლელს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა დირკ ბუშლემ.

ბუშლეს ამ განცხადებამდე, გუშინ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ შეკითხვაზე - როდის დატოვებენ რიონის ხეობას საპოლიციო ძალები, თქვა, რომ ამისთვის ჯერ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უნდა დადონ საჯარო პირობა, „რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს და არ მოხდება კომპანიის ხელის შეშლა, არ მოხდება ზეწოლა მის თანამშრომლებზე, არ მოხდება კომპანიის აქტივების დაზიანება“.

„დეესკალაციას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჰყავს ორი მხარე - ეს არის სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ახლა ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, რომ კომპანიას, რომელიც კანონიერად გაცემული ნებართვის ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ საწყის, მოსამზადებელ სამუშაოებს, არ შეექმნება პრობლემა, მათ თანამშრომლებს არ შეექმნებათ პრობლემა, ეს არის 300-მდე ადგილობრივი, მათ შორის, რიონის ხეობაში მცხოვრები ადამიანი“, – აღნიშნა თურნავამ.

რაც შეეხება რიონის ხეობაში კომპანია „ენკა რინიუებლზის“ მიერ სამუშაოების შეწყვეტას, რაც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მთავარი მოთხოვნაა, შაბათს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ უკვე მიღწეული შეთანხმებები მიმდინარე კვირის ბოლომდე განხორციელდება, კერძოდ, თუ ხეობაში აიღებენ პოლიციის მიერ მოწყობილ ბარიკადებს და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანისკენ თავისუფლად გადაადგილება და მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება შეეძლებათ.

 

ამ თემაზე:

სამუშაოების შეწყვეტა ინვესტორის უფლებების შელახვა იქნება, რასაც ვერ გავაკეთებთ – თურნავა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]