ეკონომიკის მინისტრის თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით დღეს მეორე შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართება.
„შედეგი დადგა ის, რომ სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონტაჟი გაუკეთა რკინის ჯებირებს. ახლა ველოდებით, რომ დადებითი კონტრნაბიჯები წამოვა თვითონ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან.
ასევე, დაცული იქნება სხვადასხვა უფლება და კანონმდებლობა, მათ შორის დაცული იქნება კერძო საკუთრების უფლება, არ იქნება გზების ბლოკირება“, – განაცხადა თურნავამ.
სოფელ გუმათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ რკინის ჯებირები გუშინ აიღო, თუმცა მოქალაქეებს, რომლებიც ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების წინააღმდეგი არიან, სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება სამართალდამცველებმა მაინც არ მისცეს. ამასთან, პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს ინვესტორი კომპანიის შპს „ენკა რინიუებლზის“ ავტომობილს.
„თუკი ჩვენ მოგვეცემა გადაადგილების და ნამოხვანში დაბრუნების საშუალება, ბუნებრივია, კომპანიაც შეძლებს, რომ გაიაროს.
შემდეგ ჩაინიშნება შემდეგი შეხვედრა და იქ ვისაუბრებთ სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს იყო გეგმა, რასაც ყველა უნდა მივყოლოდით, თუმცა გეგმა ხელისუფლების და კომპანიის მხრიდან დარღვეულია, ანუ რეალურად, ჩვენ არ მოგვეცა გადადაგილების შესაძლებლობა, დაკმაყოფილდა მხოლოდ ბარიკადების აღების პირობა და თითქოს დაგვევალდებულა, რომ ჩვენ უნდა გავატაროთ კომპანია“, – განაცხადა საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.
შაბათს, 12 ივნისს, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარის, დირკ ბუშლეს მედიატორობით, მთავრობის წარმომადგენლებსა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის შეხვედრა გაიმართა. ცხრასაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები სამ ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია იყო. ეს გულისხმობდა ხეობაში პოლიციის მიერ შექმნილი ბარიერების მოხსნას და პროტესტის მონაწილეებისთვის გადაადგილების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფას, რათა მათ მშვიდობიანი პროტესტი გააგრძელონ. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების შესახებ პროკურატურა დასკვნას გამოაქვეყნებდა, თუმცა ეს პირობა ჯერჯერობით არ არის შესრულებული.
„შესაბამისი ზომების მიღება უპირველეს ყოვლისა მთავრობის ვალდებულებაა. მან პირობა დადო, აიღოს არსებული ბარიერები და მთავარ გზაზე წვდომა დაუშვას. ის ასევე გაავრცელებს ანგარიშს დაკავებულების შესახებ. პროტესტის მონაწილეებმა, თავის მხრივ, დადეს პირობა, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო ადგილთან მისასვლელს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა დირკ ბუშლემ 15 ივნისს.
დეესკალაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, სადაც ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორის, შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობაში სამუშაოების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.