weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უსაფრთხოება მუშაობს, რომ გახელაძის ოჯახის აქციებმა პროვოკაცია არ გამოიწვიოს – ზალკალიანი

12:58 ორშაბათი, 21 ივნისი 2021

არ დარჩენილა არცერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო ფორმატი, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი, სადაც ზაზა გახელაძის საკითხი არ ყოფილიყო წამოწეული განსაკუთრებული სიმწვავით. ყველა ტრიბუნას, ყველა ფორმატს ვიყენებ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი, განაცხდა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეზე საუბრისას.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციებმა პროვოკაცია არ გამოიწვიოს.

„მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო მიმართულებით რა ზემოქმედების ბერკეტები უნდა იყოს ამოქმედებული, ამაზე ვარ პასუხისმგებელი და ოჯახმა იცის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ყველა ფორმატი გვაქვს გამოყენებული ამ თავალსაზრისით. ეს არის ჩემი ოჯახთან კომუნუიკაციის მთავარი მიმართულება. სხვა მიმართულებით მუშაობენ შესაბამისი უწყებები.

ვიცი, რომ ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რაღაც აქციებმა, რომლებიც დაგეგმილია, რაიმე პროვოკაცია არ გამოიწვიოს, იმიტომ, რომ პროვოკაციამ შესაძლებელია მისცეს შემდგომი ზემოქმედების და ცუდად გამოყენების შესაძლებლობა ოკუპანტ ქვეყანას, გამოიყენონ ეს პროვოკაცია მათი მიზნებითსვის, რათა არ მოხდეს გათავისუფლება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თვის ბოლოს გაიმართება ჟენევის ფორმატის მომავალი რაუნდი, სადაც ზაზა გახელაძის საკითხი ძალიან მწვავედ იქნება დაყენებული.

ამასთან, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არად უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

23 ივნისს ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში 34 წლის გახდება. ის თითქმის ერთი წელია საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. გახელაძის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ თუ მისი გათავისუფლება 23 ივნისამდე არ მოხდება, საპროტესტო აქციებს გამართავენ.

15 ივნისს სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლმა, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განიხილეს შესაძლებლობა, რომ ზაზა გახელაძე ოჯახის წევრებმა პატიმარი ცხინვალში მოინახულონ.

გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ, მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]