weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება სწორად არ მიაჩნია

22:12 ოთხშაბათი, 23 ივნისი 2021

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილ შარლ მიშელის დოკუმენტში წერია „პაუზა“ და არა „შეჩერება“, რაც ორი სხვადასხვა რამეა.

„ვფიქრობ, მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც ეხება შარლ მიშელის დოკუმენტს. კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. მივიჩნევ, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რომელსაც მე არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია „პაუზა“ და არა „შეჩერება“, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, რამდენად გადატვირთულია ჩვენი სასამართლო და ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორად, ამაზე მქონდა კიდეც ამერიკის ელჩთან საუბარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სამართლებრივი კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს ბევრი მიმართულებით, იქნება ეს საარჩევნო კოდექსი თუ ამნისტიის კანონი.

„ვფიქრობ, ულტიმატუმების დრო არ არის. მინდა, ყველას ვუთხრა, შედგა შეთანხმება, ახლა დროა, ამ დოკუმენტის მაქსიმალურად შესრულების და არ არის დრო დავუბრუნდეთ იმ გზავნილებს – ასე თუ არ მოიქცევი, მე გავალ, მე შევალ, მე არ შევალ. საზოგადოება ამით დაიღალა და ეს გამოჩნდება არჩევნებში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად 9 მოსამართლე – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი – შეარჩია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტის მიერ უვადოდ აირჩევიან.

19 ივნისს ამ პროცესს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი 19 აპრილის შეთანხმებაში არის სასამართლო რეფორმა და შეთანხმების ეს პირობა რომ ჩაითვალოს განხორციელებულად, მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება.

ამერიკის ელჩის განცხადებით, არგუმენტი რომ სასამართლო სისტემაში არ არის მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა და მოსამართლეთა არდანიშვნა ამ ეტაპზე გამოიწვევს სასამართლო სისტემის კოლაფსს, არ არის დასაბუთებული.

„საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, სასამართლო სისტემაში არის საკმარისი რაოდენობის მოსამართლეების, რაც მისცემდა სასამართლო სისტემას საშუალებას, ეს დანიშვნები შეჩერებულიყო, ვიდრე წარიმართება სრულად ინკლუზიური, დასაბუთებული პროცესი, რომელიც გაითვალისწინებს სრულად სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სხვადასხვა ჩართული აქტორების მოსაზრებას. თუ კი გაგრძელდება კვლავ ეს დანიშვნები, მაშინ რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და ეს შეასუსტებს სისტემას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გარეშე მოსამართლეთა დანიშვნას ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და არასამთავრობო სექტორიც.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს, 23 ივნისს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება, რადგან მათ შეთანხმების პირობები შეასრულეს – „ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა“.

„შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად - მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს. პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]