weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

19 აპრილის შეთანხმება მოიცავს მოსამართლეთა დანიშვნების დაპაუზებას – კელი დეგნანი

17:37 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მორიგი კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ განწესების პროცესთან დაკავშირებით. ელჩის თქმით, საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა იმისთვის, რომ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

„ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს საერთაშორისო მეგობერები აქ არიან, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს ძალისხმევას შეუერთდეს ნატოს და ევროკავშირს. იმისთვის, რომ გახდეს ამ ორგანიზაციების წევრი, საქართველოს სჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოსთან ძალიან კარგად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობაში. ამიტომ ძალიან მოხარული ვიყავით, როდესაც ვნახეთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და შეთანხმდნენ მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმაზე 19 პარილის შეთანხმებაში. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ იმის შესრულებას, რაზეც ისინი უკვე შეთანხმდნენ, რაზეც მოილაპარაკეს, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა, რომელიც საქართველოს სჭირდება. ამ დილით მე მქონდა შესაძლებლობა ამაზე მემსჯელა პარლამენტის სპიკერთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან.

ვფიქრობ, 19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან კარგი საგზაო რუკაა. ის მოიცავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების დაპაუზებას მანამ, ვიდრე არ გატარდება ფართო, ინკლუზიური მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

19 აპრილის შეთანხმებაში მმართველი პარტიის და ოპოზიციის ლიდერებმა დადეს ამბიციური სასამართლო რეფორმის პირობა ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესით. ეს დღემდე არ განხორციელებულა.

ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაა, უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც იქნება ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული დისკუსია მოთხოვნებზე. ეს არის 19 აპრილის შეთანხმება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაასახელა კანდიდატები, ახლა პარლამენტის ხელშია, პარლამენტის უფლებამოსილებაა დააპაუზოს ეს პროცესი მანამ, სანამ ისინი ჩაატარებენ ინკლუზიურ კონსულტაციებს, რაც მათ ძალიან წარმატებულად გააკეთეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც კვირები, წლები და თვეები დასჭირდება. ეს უნდა გაკეთდეს. ეს სარგებელს მოუტანს საქართველოს სასამართლო სისტემას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება, რადგან მათ შეთანხმების პირობები უკვე შეასრულეს – „ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა“.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად 9 მოსამართლე წარადგინა, ესენი არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]