weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის მოთხოვნას გახელაძის გათავისუფლების შესახებ – ლანდსბერგისი

18:31 შაბათი, 26 ივნისი 2021

საქართველოში მყოფი ლიეტუვის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებას და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურნენ.

ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა თქვა, რომ ბორდერიზაცია მიუღებელია და ეს არის ის, რაც მათ აწუხებს.

„შენდება კონსტუქციები, რომელიც არ არის დროებითი. ვხედავთ, რომ ეს პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავება არის აბსოლუტურად უკანონო და ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ყოველგვარი პირობის გარეშე“, – განაცხადა შალენბერგმა პრესკონფერენციაზე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის დროს განიხილეს, ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძის გათავისუფლება იყო.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა და ბევრი საკითხი წამოიჭრა. რამდენიმე საკითხს გავუსვამ ხაზს, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვისაუბრეთ ბატონ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხზე. ეს არის ძალიან მწვავე საკითხი საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული პიროვნება უნდა იქნეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული პატიმრობიდან“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოში ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგარეო საქმეების უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის დავალებით ჩამოვიდნენ. დღეს ისინი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ოძისის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.

34 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გახელაძის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები თითქმის ერთი წელია უშედეგოდ ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, მაისში, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ უკანონო პატიმარი ცხინვალის ციხეს თვის ბოლომდე დატოვებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ზაზა გახელაძის გათავისუფლების გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა 15 ივნისს ერგნეთში გამართული შეხვედრაც, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდიც ესწრებოდა. 23 ივნისიდან გახელაძეები საპროტესტო აქციები გამართვას აპირებდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც 22 ივნისს მათ საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც აცნობეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ზაზას გასათავისუფლებლად რუსეთის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისთვის პატრიარქ კირილეს მიმართა. გახელაძეები აპირებენ, რომ ილია მეორის წერილზე პასუხს დაელოდონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]