weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ მეარაყიშვილს სურს თქვენთან შეხვედრა – თამარ კორძაია პრემიერ-მინისტრს

16:16 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მასთან გასაუბრებას ითხოვს.

„პარასკევს, თქვენი გამოსვლის დროს მწერდა თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ცხოვრობს კონფლიქტურ საზღვართან. ოთხი წელია მიმდინარეობს მისი საქმე, ბრალდებულია სისხლისსამართლებრივად, მაგრამ პატიმრობაში არაა. ოთხი წელია ეს გრძელდება და მან მთხოვა, რომ სურს თქვენთან შეხვედრა და იქნებ ვინმე დაუკავშირდეს თქვენგან. წინასწარ მადლობა, თუ ამას გააკეთებთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ მეარაყიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ის წერს, რომ ითხოვს, პრემიერ-მინისტრმა ერთ კვირაში გამონახოს დრო, რათა მას საკუთარ პრობლემებზე გაესაუბროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეარაყიშვილი აპირებს „პროტესტის უკიდურეს ფორმას“ მიმართოს.

„საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს, არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში. ვითხოვ საუბარს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. მსურდა შერიგების მინისტრ თეა ახვლედიანთან, თუმცა ერთ წელში მას ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა. ყოველ ჯერზე უარი მივიღე“, – აცხადებს მეარაყიშვილი.

თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ ახალგორში დააკავა, მეორე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თამარ მეარაყიშვილს ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები ედავებოდნენ იმას, რომ მან თავისი განცხადებებით პარტია „ერთიანი ოსეთის“ პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, მეარაყიშვილს ასევე ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებისთვის. თამარ მეარაყიშვილს დოკუმენტები ჩამორთმეული აქვს და ოკუპირებული რეგიონიდან გასვლა არ შეუძლია.

მეარაყიშვილმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამო. 2018 წელს მან დახმარებისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მიმართა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბახტაძემ დააიგნორა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]