პროკურორის განცხადებით, დანაშაულში ჩართული იყო დეპუტატის შვილი ზურაბ ნეფარიძეც, რომელიც პროკურატურამ მათთან თანამშრომლობის შემდეგ გაათავისუფლა. ბრალდებულის შვილმა მამის მიერ თანამშრომლისთვის თანხის გამოძალვის ფაქტი დაადასტურა. მისი პირადი ჩხრეკისას კი პლასტიკური ბარათი ამოიღეს, რომელიც ერთ-ერთ თანამშრომელზე იყო გაცემული, თანხას კი თავად იღებდა. როგორც პროკურორმა განაცხადა, გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნეფარიძე ხელფასიდან თანხას სხვა თანამშრომლებსაც სძალავდა.
ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. „ქრთამის ამღები ამოწყდა და გადაშენდა, მე ვარ განტევების ვაცი“, - განაცხადა მან სასამართლოზე.
ნეფარიძეს ქრთამის აღების გარდა, შრომითი კანონმდებლობის დარღვევასაც ედავებიან. პროკურორის თქმით, მან დალი მამულაშვილი აიძულა, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება დაეწერა.
ზურაბ ნეფარიძესთან ერთად პატიმრობა შეეფარდა მის თანამშრომელს და ცოლის დას, ანა მენთეშაშვილის, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედება ბრალად. "2017 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ზურაბ ნეფარიძემ ანა მენთეშაშვილის საშუალებით დალი მამულაშვილს საერთო ჯამში 1200 ლარი გამოსძალა ", - განაცხადა პროკურორმა.
ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა, რაც იმით დაასაბუთა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მათ მიერ მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის პირდაპირი მტკიცებულებები, ასევე, შესაძლოა, ბრალდებულები მიიმალონ და ახალი დანაშაული ჩაიდინონ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაინიშნა.
ზურაბ ნეფარიძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ 25 აგვისტოს დააკავა. ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ისნის მაჟორიტარ დეპუტატად 2014 წლის თვითმმართველოს არჩევნების შედეგად აირჩიეს. არის ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წევრი.
დაახლოებით ერთი თვის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს. პროკურატურა მას ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის აღებას ედავება. აბესაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს არის დანიშნული.
ამ თემაზე ნახეთ:
სუს-ის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული საჯარო მოხელეები