weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოხდება ყველას იდენტიფიცირება და ყველა იქნება დასჯილი, ვინც ძალადობა ჩაიდინა – ღარიბაშვილი

14:29 სამშაბათი, 06 ივლისი 2021

პრემიერ-მინისტრი გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოავლენენ და დასჯიან ძალადობის ჩამდენ ყველა პირს. ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტის შეკითხვა იყო თუ არა მის მიერ გუშინ დილით გაკეთებული განცხადება ძალადობის წაქეზება.

„ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ და მე მინდა, საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. მიუღებელია, კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე ძალადობა არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ეს არის დასაგმობი.

პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით 3 პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და იქნება ყველა პირი დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მიერ პრაიდის კვირეულის ბოლო ღონისძიების – „ღირსების მარშის“ გამართვა იყო დაანონსებული. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის შენობასთან დილიდან მობილიზდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი. მარშის მოწინააღმდეგეები ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებოდნენ, იგინებოდნენ და ძალადობით იმუქრებოდნენ. ისინი ავიდნენ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და დაწვეს, რის შემდეგაც ოფისში უკანონოდ შეიჭრნენ.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააზიანეს მათი ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

ძალადობისა და მუქარის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობრივი მოვლენების დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზნშეუწონლად მიაჩნდა. მისი თქმით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მარშის ჩატარება მიუღებელია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ღონისძიების ორგანიზატორების უკან იდგნენ „რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით“.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ რისკები და დღევანდელი დღე ვმართოთ და ჩავატაროთ ძალიან მშვიდად. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიცია და ჩვენი წესები. ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს წესებს და ტრადიციებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“, – განაცხადა გუშინ პრემიერ-მინისტრმა.

სახალხო დამცველის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებამ ისედაც დაძაბული ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]