weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერ ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეწონილი არ არის

11:43 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტქი+ თემის მიერ დღეს, თბილისში დაგეგმილ ღირსების მარშთანდაკავშირებით განაცხადა, რომ მოქალაქეებს მარშის ჩატარების უფლება აქვთ, თუმცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ის მიუღებელია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.

განცხადება ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ - რამდენიმე წლის წინ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამავდროულად, 6 წლის წინ გამოვედით ინიციატივით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა და ჩაწერა, რაც ჩვენა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მოგვიანებით. ამით ეს საკითხი დარეგულირდა.

ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნიანი ისტორია - როგორც ერთ-ერთი ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენს ერში არცერთ ადამიანს - იქნება რელიგიური თუ სხვა ნიშნით გამორჩეული - არასდროს არ ჰქონია პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, სურთ რაღაც გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია. ჩვენ ამას ვღებულობთ როგორც მოცეულობას და გვესმის მათი ეს სურვილები. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამისთვის სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი. რამდენიმე დღის წინ მათ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს გარკვეული ღონისძიება. გუშინაც და გუშინწინაც იყვნენ შეკრებილები ლისის ტბაზე, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. თუ რატომ, ამას განვმარტავ: 

დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე.

ეს ერთი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა ე.წ. პრაიდის, მარშის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება. პოლიციის მიერ რისკების და საფრთხეების შეფასება უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია.

მინდა განმარტება გავაკეთო, რომ ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები პირიქით ხელს უწყობს უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას. მე ეს პარლოამენტში, ჩემს გამოსვლაშიც განვმარტე. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ამ ადამიანების დისკრიმინაცია.

ჩვენს მოსახლეობას არავისთან, რა თქმა უნდა, არ აქვს პრობლემა, არც ამ ადამიანებთან. ყოველდღე ეს ადამიანები, უმცირესობების წარმომადგენლები მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში და რეჟიმში, მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანში. არცერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დიკრიმინაციის. თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება არ შეიძლება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის აზრით, „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების უკან რადიკალური ოპოზიცია დგას.

„სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტური, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და აქციებს და სწორედ მათი მიზანია, დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც არ განხორციელდება და რასაც არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა თხოვნით, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, ძალადობის გარეშე გამოხატონ.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ რისკები და დღევანდელი დღე ვმართოთ და ჩავატაროთ ძალიან მშვიდად. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიცია და ჩვენი წესები. ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს წესებს და ტრადიციებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლგბტქი+ აქტივისტების ორგანიზებით, პირველი ივლისიდან თბილისში „პრაიდის“ კვირეული მიმდინარეობს, რომლის დასრულება დღეს „ღირსების მარშით“ იგეგმება. ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, უზრუნველყოს მათ მიერ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა. ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) და დიპლომატიურმა მისიებმაც.

ღონისძიების გამართვის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ულტრანაციონალისტური და ჰომოფობიური განწყობების მქონე ჯგუფები.

„ღირსების მარშის“ გამართვა მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის, რომელმაც მრევლს ქაშუეთის ტაძართან შეკრებისკენ მოუწოდა, რათა აღავლინონ „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს აჩვენონ, რომ საკუთარ ღირსებას იცავენ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა მათთვის მიუღებელია“. საპატრიარქო საზოგადოებას ასევე მოუწოდებს, არ აჰყვეს „ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“ და პროტესტი მშვიდობიანად დააფიქსიროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]