„არ ვიცი, რა დავარქვათ იმას, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს იყო უბრალოდ სამარცხვინო, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ქმედებები, რომელსაც უბრალოდ არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით – მაგრამ. არანაირი მაგრამ. არ შეიძლება, გამართლებული იქნას ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და ყველას მხრიდან აუცილებლად დასაგმობია.
ისტორიულად, ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ.
ის, რაც გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთ-ერთს დასდევს, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, არავის აქვს უფლება და ვინმეს არც უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ შეაფერხონ ჟურნალისტების, ოპერატორების საქმიანობა.
„აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც კი დაზარალდა, როგორც ვიცი, დაჭრილია და ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ასე ქუჩაში დასდევდნენ. მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები, ჟურნალისტები და რა ქნან, უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა კუჭავამ.
ის ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის დაშვებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტი გამოავლინეს, ამ დრომდე მხოლოდ 3 პირია დაკავებული ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით.