ელჩის თქმით, დარწმუებულია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა არცერთ სიტუაციაში, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს.
„ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის და ბევრმა ადამიანმა უკვე გააკეთა კომენტარი, თუ რაოდენ განსაცვიფრებელი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანამ, რომელიც ზოგადად ცნობილია ადამიანის უფლებების დაცვით, ტოლერანტობით, უკან დაიხია ამ ღირებულებების კუთხით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ ხელი ძალადობას, ამერიკის ელჩმა თქვა:
„ველოდებოდით, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, ის მთავარ როლს შეასრულებდა სიტუაციის დაწყნარებაში და დაგმობდა ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ჟურნალისტების მიმართ. ამიტომ, სამწუხარო იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. ძალადობის და ოფისის დარბევის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში. მანამდე, აშშ-ის საელჩო, ევროპარლამენტის წევრები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, „ღირსების მარშის“ მონაწილეები და მათი შეკრების თავისუფლება დაეცვა.
5 ივლისს, დილით, მთავრობის სხდომის დაწყებდამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. მისი თქმით, ამ ღონისძიების უკან იდგა „რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით“, რომელსაც ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა უნდა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში არსებულ ტრადიციებს და წესებს ყველამ უნდა სცეს პატივი.