weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვა

09:28 ხუთშაბათი, 15 ივლისი 2021

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. კობახიძის თქმით, მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიდის, მათ შორის, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე.

„ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 19 თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. 5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და ა.შ.. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც, სამწუხაროდ, ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას“, – განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

შარლ მიშელი საქართველოში ბოლოს 20 აპრილს იმყოფებოდა. მანამდე ის საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესში იყო ჩართული. მედიაციის შედეგად, 19 აპრილს, ხელი მოეწერა შეთანხმების დოკუმენტს (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი), რითიც „ქართულმა ოცნებამ“ და ხელმომწერმა ოპოზიციონერმა პარტიებმა და ლიდერებმა გარკვეული ვალდებულებები აიღეს, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან და მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

„რუსთავი 2“-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტს.

„მე შემიძლია გითხრათ, რაც გავაკეთეთ უზენაესის მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, ზუსტად შეესატყვისება, რაზეც ზეპირსიტყვიერად შევთანხმდით და წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში. რაც ეწერა დოკუმენტში, ზუსტად ის გაკეთდა. გაკეთდა პაუზა, მივიღეთ კანონი, რომელიც ზუსტად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამის შემდეგ, როგორც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში, ხელახლა გამოცხადდა საბუთების მიღება დამატებითი კანდიდატებისთვის და ამის შემდეგ განახლდა პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ბარიერგადალახული რვა პარტიიდან ოთხი პარტია დღემდე ხელს არ აწერს „მიშელის დოკუმენტს“, ხოლო ისინი, ვინც ხელი მოაწერეს, ხშირად არ ასრულებენ ვალდებულებებს და ხმას არ აძლევენ იმ კანონებს, რომლებიც ასახულია მიშელის დოკუმენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]