weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კალანდარიშვილს გაუწია რეკომენდაცია

23:12 ხუთშაბათი, 15 ივლისი 2021
ფოტოზე - გიორგი კალანდარიშვილი ფოტოზე - გიორგი კალანდარიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია. კალანდარიშვილის სასარგებლოდ „ქართული ოცნების“ ათმა დეპუტატმა მისცა ხმა. ცესკოს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატმა, გიორგი სანტურიანმა ოთხი ხმა მიიღო.

გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციაში 2008 წლიდან მუშაობს. 2019 წლიდან ის ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მას შეკითხვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც დაუსვეს. კალანდარიშვილის თქმით, არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა.

„ჩემი მკაფიო პასუხი იქნება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ამას აქვს შესაბამისი ახსნა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებში მოცემული შეფასებები ერთმნიშვნელოვნად ემთხვევა ერთმანეთს. ეუთოს შეფასების მიხედვით, არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში. ეს ერთი შეფასება და მეორე - ყველაზე მკაცრი შეფასება, რომელიც ჩვენ შეიძლება ეუთოს დოკუმენტიდან ამოვიკითხოთ, იყო ის, რომ „არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმაციის ზღვარზე“. ლეგიტიმაციის ზღვარზე და არა ზღვარს მიღმა. ჩვენ უკვე 30 წელია, რაც გვესმის - გაყალბდა, არ გაყალბდა, მაგრამ რეალურად ამ სიტყვამაც დაკარგა, ასე ვთქვათ, აქტუალურობა იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა და მით უმეტეს, შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად განხორციელებული საარჩევნო რეფორმა, აღარ ტოვებს ჰიპოთეტურად გაყალბების არა თუ შესაძლებლობას, არამედ ეჭვის შესაძლებლობასაც კი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობა არ მიიღო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტმა უნდა აირჩიოს. თუ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი) დაუჭერს, მისი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია. ამ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს საკონკურსო კომისიის წევრებმა 4 არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFD) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. მათ მიაჩნიათ, რომ კალანდარიშვილი და სანტურიანი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები ვერ იქნებიან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]