„შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის“, – დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე.
12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეების - გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევას.
მანამდე, არსამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდნენ, შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი მანამ, ვიდრე არ გატარდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, რაც 19 აპრილის შეთანხმებით (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტით) არის გათავლისწინებული. ამ მოტივით, მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩართვაზე უარი თქვა საქართველოს სახალხო დამცველმა. ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 6 ვაკანტურ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები.
„გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას“, – ნათქვამია საია-ს შეფასებაში.