weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია იმართება

19:31 შაბათი, 17 ივლისი 2021

მედიასაშუალებების ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება, სადაც კვლავ ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომას, ასევე, 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯას. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც უერთდებიან.

„ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ვიბრძვით არაფრისთვის, გარდა ჩვენი უფლებებისა, ვიბრძვით ლექსოს უფლებებისთვის და ღირსებისთვის, რომელსაც ლახავენ ყოველდღიურად. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა გვქონდეს. მხოლოდ სტუდიებში არ ვიქნებით. ამის ილუზია არ ჰქოდეს ხელისუფლებას. სტუდიებიდანაც ვიბრძოლებთ, ქუჩიდანაც ვიბრძოლებთ, ყველგან ვიქნებით. პრემიერ-მინისტრმა უნდა მოიმკას ის, რაც დათესა – ის უბედურება, რაშიც ქვეყანას ამყოფებს – და ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს პოზიციებს“, – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა, ვახო სანაიამ.

აქციას შეუერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. მისი თქმით, ის აქციაზე დგას ლექსოსთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის.

„მაგარამ არამხოლოდ ამისთვის. ჩვენ დღეს აქ ვდგავართ ქართული სახელმწიფოს ბოლო ფუნქციური შემადგენლისთვის, რომელიც არის მედია. სასამართლო ჩამოშლილია, პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმურია, მხოლოდ მედია ფუნქციონირებს.

ის დაპირისპირება, რაც არის მედიის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ მედია გადმოსცემს სიმართლეს, არამედ კიდევ იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფოს ბოლო ფუნქციური ნაწილი, ქართული საზოგადოების და პოლიტიკური პროცესის ბოლო ფუნქციური ნაწილი – მედია უნდა იქნეს დაშინებული და ალაგმული, უნდა იქნეს გაჩერებული. ეს არის მეთოდური შეტევა მედიაზე და მათ შორის, ქართულ სახელმწიფოზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს სასტიკად ნაცემი 36 წლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის, ასევე ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნა დააყანეს. გასულ კვირაში, ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ – „მთავარმა“, „ფორმულამ“, „პირველმა“ და „კავკასიამ“, პროტესტის ნიშნად, მაუწყებლობა 24 საათითაც შეწყვიტა.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.

5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

პროკურატურის ბოლო ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]