„რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა!“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გაცხადებული სურვილი იყოს ევროპული ოჯახის წევრი, საქმით გამყარებული და დამტკიცებული უნდა იყოს.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ წევრებმა ტელეკომპანიებთან – „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ კომუნიკაცია მას შემდეგ გაწყვიტეს, რაც მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა კოლეგის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. 17 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციამ ამ არხების ჟურნალისტები არ მიიწვია მახათას მთაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრთან ერთად, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესს გაეცნო. პრემიერმა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და „პოს ტვ“-ის შეკითხვებს უპასუხა. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „პირველმა“ „ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს, წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“. იმავე დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად არ განიხილავს იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელიც აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.