weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი და ორი უკრაინელი მეზღვაური პრეზიდენტმა შეიწყალა

10:45 ორშაბათი, 19 ივლისი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი და ორი უკრაინელი მეზღვაური, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ოთხი დღის წინ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, შეწყალება დაკავებულების განცხადების გარეშე მოხდა, რაც ცხადყოფს, რომ უკრაინის მოქალაქეების პატიმრობა უკანონო იყო.

„მიშა ბატურინი, იური ხომიჩი და ვოლოდიმირ დიაჩენკო წარმოადგენდნენ პოლიტიკურ პატიმრებს. მათ მიმართ გამოყენებულმა სანქციამ, ამ უკანონობამ ფაქტობრივად გამოიწვია დიპლომატიური სკანდალი საქართველოსა და უკრაინას შორის.

საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები. მხოლოდ უკრაინელებს შესთავაზეს შეწყალება. სამწუხაროდ, ასეთი მახინჯი მიდგომა გამოიყენა ჩვენმა სახელმწიფომ, რაც სავალალოა. მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა განაცხადეს, რომ შეწყალებაზე უარს ამბობდნენ, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ, ქართული მხარე იძულებული გახდა სამივე მათგანი მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინა, რაც არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ხალხი ამდენი თვის განმავლობაში უკანონოდ იჯდა ციხეში“, – განაცხადა ბასილაიამ „მთავარ არხთან“.

მსჯავრდებულების გათავისუფლება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინელ მეზღვაურებს შეწყალება მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ზელენსკის ბათუმში ვიზიტი ეჭვის ქვეშ დადგა.

„საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფო დაცვის და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს ციხეში ტოვებდნენ. სააკაშვილის დევნის გამო. პოლიტიკური მართმსაჯულების გამო. უკრაინელმა მეზღვაურებმა და ბატურინმა უარი თქვეს შეწყალების დაწერაზე. ხისტი და პრინციპული პოზიცია ჰქონდა ზელენსკის ადმინისტრაციას. მადლობა ყველას, ვინც ამ უდანაშაულო ხალხზე ზრუნავდა. მადლობა უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის ასეთი პრინციპულობისთვის. უკრაინელებმა ჩვენი მოქალაქე იხსნეს“, – ასე გამოეხმაურა დეკანოიძე მსჯავრდებულების გათავისუფლებას.

მიხეილ ბატურინი, იური ხომიჩი და ვოლოდიმირ დიაჩენკო 2020 წლის ნოემბერში, შავ ზღვაში დააკავეს. პროკურატურა მათ საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავებოდა. ბრალდების მხარის ვერსიით, ბატურინი, ხომიჩი და დიაჩენკო ხომალდით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ისინი ბათუმის თვალთახედვის არეში გაჩერდნენ, რა დროსაც სანაპირო დაცვის პოლიციამ შენიშნა და მათი ვინაობა გადაამოწმა. ხომალდის ეკიპაჟი არ გამოვიდა კავშირზე და ისევ თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ გაემართა, რა დროსაც ისინი დააკავეს.

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები სარგებლობდნენ ზღვაში მშვიდობიანი გავლის უფლებით, რასაც საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს. დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და სამი ადამიანის დაკავება მიხეილ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]