სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმებულად გამოცხადებას გამოხემაურა და თქვა, რომ „გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად აღიარა წინასწარვე მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე“.
„რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი. იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, მაინც უნდა ჩავატაროთ სახლახო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნებზე და ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე. ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე.
ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში. ჩვენ ბევრ სხვა ადგილზე პრაქტიკულად ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას საქართველოში აღარ გააჩნია“, – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ეს პერიოდი შარლ მიშელის ხელშეკრულების უკლებლივ ყველა პუნქტს ასრულებდა, მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა, „ქართულმა ოცნებამ“ კი ფეხქვეშ გათელა ყველა თავისი ვალდებულება.
გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელი 19 აპრილს მოეწერა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კიბახიძის განცხადებით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება.
„ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯის საპასუხოდ პარლამენტის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, თუმცა პარლამენტშიდარჩებიან მისი თანაგუნდელები, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, თუ „ქართული ოცნება“ ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
მიხეილ სააკაშვილმა აპრილში, შარლ მიშელის დოკუმენტის მიღების შემდეგაც თქვა, რომ „რეფერენდუმის“ წინ ჩამოვა საქართველოში, რა რისკის ფასადაც არ უნდა მოხდეს ეს.
წლების განმავლობაში ყოფილმა პრეზიდენტმა დაბრუნების შესახებ არაერთხელ განაცხადა.