weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„თქვენო აღმატებულებავ“ – „პატრიოტთა ალიანსი“ პუტინს მიმართავს და დახმარებას სთხოვს

23:31 ორშაბათი, 02 აგვისტო 2021

„თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო“, – ასე იწყება ღია წერილი, რომელშიც პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და მათი თანამოაზრეები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავენ.

წერილის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მუდმივი გაუარესების გამო და აცნობებენ პუტინს, რომ მხარს უჭერენ საქართველოსა და რუსეთს შორის გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობის მშენებლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე.

„ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ იმედით, რომ დაგვეხმარებით სახელმწიფო დუმის, ფედერაციის საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის განახლების საქმეში.

თქვენი დახმარება ასევე უკიდურესად აუცილებელია ერთობლივი მედია, კულტურული და სოციალური პროექტების ორგანიზებაში, რაც ზოგადად ხელს შეუწყობს იმის გაგებას, რომ ერთადერთი სწორი გზა მართლაც ღია და კეთილი ორმხრივი ურთიერთობების დამყარებაა, მხარეთა ინტერესების რეალურად გათვალისწინებაზე დაყრდნობით“, – ვკითხულობთ ღია წერილში, რომელსაც ხელს 42 ადამიანი აწერს.

წერილი ირმა ინაშვილმა Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას დიდი ხანია არაფრად აგდებს.

„დღევანდელი ქართული პოლიტიკა ორი მსახიობის თეატრს დაემსგავსა და ეს მსახიობები არიან „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა. ისინი ერთმანეთს უსასრულოდ ურიგდებიან, ერთმანეთს უსასრულოდ ატყუებენ, ქვეყანას ანგრევენ და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნელ-ნელა ანადგურებენ. და ვფიქრობ, დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ამ თეატრის რეჟისორი სწორედაც რომ ამერიკის შეერთებული შტატებია! ვფიქრობ, ასევე, ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოში ნატოს უსასრულო წვრთნები რუსეთის გამოწვევაა და სხვა არაფერი“, – წერს ინაშვილი.

ირმა ინაშვილის თქმით, ის და მისი მეგობრები რუს დეპუტატებსა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს „სწორედ უპასუხისმგებლო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი დაძაბულობის ჩასაქრობად ხვდებოდნენ“.

„შესაძლოა, ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაერთხელ განმუხტა დაძაბული ვითარება და მე არ ვიცი, შესაძლოა, ომსაც კი გადაგვარჩინა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეხვედრები და ეს დიალოგი გაჩერებულიყო და გაყინულიყო“, – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რუსულმა ორგანიზაციამ „დოსიე“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიაში რუსთის ხელისუფლების ჩარევა იკვეთებოდა. „პატრიოტთა ალიანსმა“ არჩევნების შედეგად მხოლოდ 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, რის გამოც ირმა ინაშვილი აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ამ მოტივით ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]